ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ჩვენება მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა კლინიკა ვივა მედში მისცეს. დღევანდელი პროცესი ისევ გადაიდო. სასამართლოს დღეს მესამე პრეზიდენტის საბოლოო სიტყვა უნდა მოესმინა, თუმცა პროცესზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღესაც ვერ შეძლო.
კლინიკაში ჩატარება სასამართლო პროცესისა, დიახ, ეს თეორიულად შესაძლებელია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამას ითვალისწინებს, უბრალოდ მთავარი პრობლემა რაც ჩვენ გვიდგას, არის მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობა, ჩაერთოს და მიიღოს რეალური მონაწილეობა პროცესში" - ამბობს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა და როგორც პროკურორი ამბობს, "ერთადერთი, დარჩენილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა".
მოსამართლემ მომდევნო სხდომა 24 აგვისტოს ჩანიშნა.
შეგახსენებთ, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ისინი აღიარებენ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს და გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.