"მის განცხადებაზე ჩვენგან არც ერთი შეურაცხმყოფელი წინადადება არ ყოფილა, მისგან იყო" | ყაველაშვილი დეგნანზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ მისგან აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა მისი თქმით, ასეთ განცხადებებს თავად ელჩი აკეთებდა.

"ჩვენ სამი ადამიანი ამისთვის მზად ვიყავით, ძალიან მეწყინა თედო ჯაფარიძისგან, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით და სხვა ადამიანებიც ჩაერთვებიან ამ ფერხულში რომ ჩვენ ვაზიანებთ [აშშ-სთან ურთიერთობებს]... შეხედეთ ტექსტებს - "თავს დაესხა", "როგორ ვაზიანებთ ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობას" და ა.შ ჩვენგან არც ერთი შეურაცხმყოფელი წინადადება, თუნდაც უდიერი მოპყრობა არც ერთ მის განცხადებაზე არ ყოფილა, ჩვენ ფაქტებით ვესაუბრებოდით, მისგან კი იყო - "ჭორები", "ბოლომდე არ ჩამიკითხავს...", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მიხეილ ყაველაშვილი "ოცნებიდან" ფორმალურად წამოვიდა, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა, რომელშიც წერდა, რომ "ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი". წერილს კელი დეგნანი გამოეხმაურა და განაცხადა: "წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე".

გარდა ამისა, გუშინ, 19 ივლისს ყაველაშვილმა თქვა, რომ მას კითხვები აქვს, ხომ არ ყოფილა ბიძნა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა. აშშ-ის ელჩმა ამ განცხადებას ჭორი უწოდა და თქვა, რომ არ იცის რაზეა საუბარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი