პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინო გოგაშვილი ამბობს, რომ მის მამას "ქართული ოცნება" სისტემის მხილების გამო სჯის.
როგორც მან აღნიშნა, სისტემის მხილება დასრულებული არ არის და ოჯახი ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
"სოსო გოგაშვილი იაზრებს, რომ იყო იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ახლა ამხელს. იგი დარწმუნებული ვარ, რომ მზად არის, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი თუკი მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. მას სთხოვდნენ, რომ ეს დავალებები შეესრულებინა, კონკრეტულად რა დავალებებს გულისხმობდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და ალბათ, თუ საჭირო იქნება და ეს იქნება მამაჩემის გადაწყვეტილება, ესეც გავრცელდება. ქართული ოცნება სჯის იოსებ გოგაშვილს სისტემის მხილების გამო. ცდილობენ, შური იძიონ მასზე, გააჩუმონ. ამასთან არის დაკავშირებული ის ცრუ ბრალდებები, რომლებიც მას დღეს აქვს წარდგენილი და ის სამართლებრივი ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც არ სურთ, რომ ისაუბრონ. არ არის დასრულებული პროცესი, ვგულისხმობ ამ სისტემის მხილებას და ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას", - თქვა ნინო გოგაშვილმა.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა დღეს მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, "ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, ყველანაირი დავალება შეესრულებინა". გოგაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც უკანონო დავალებები გახშირდა, გადაწყვიტა, სამსახურიდან წასვლის ნაცვლად, დარჩენილიყო და "სისტემის მხილებისთვის მტკიცებულებები შეეგროვებინა".
ამავე თემაზე: