უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში "საერთო სასამართლოების შესახებ" მოსამართლეების საჩივრის განხილვაზე მომხსენებელი მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის აცილების საკითხზე ოპოზიციონერები განცხადებას ავრცელებენ.
დეპუტატები – თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა.
"გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის - ვენეციის კომისიის მიერაც. სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა.
ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია.
მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიზეზი, რის გამოც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება მოითხოვა, მოსამართლის საჯარო პოზიციაა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში ღიად გამოხატა თავისი დამოკიდებულება იმ საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს.