
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ომს აწარმოებს.
რუსულმა ენერგო კომპანია გაზპრომმა განაცხადა, რომ ამცირებს გაზის ნაკადს გერმანიაში, Nord Stream 1-ის მილსადენის ტურბინაზე სამუშაოებისთვის. ზელენსკი ამას ევროპის წინააღმდეგ გაზით შანტაჟს უწოდებს.
"ევროპის გაზის შანტაჟი, რომელიც ყოველთვიურად მხოლოდ უარესდება, ტერორისტულ სახელმწიფოს სჭირდება, რათა ყველა ევროპელის ცხოვრება გააუარესოს", - თქვა ზელენსკიმ.
ორშაბათს გაზპრომმა განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, საჭიროა გაზის მიწოდების შემცირება არსებული დონის ნახევრამდე. გერმანიის მთავრობამ კი თქვა, რომ მიწოდების შეზღუდვისთვის ტექნიკური მიზეზი არ არსებობს.
Nord Stream 1 მილსადენი, რომელიც ბალტიის ზღვით, რუსეთიდან გერმანიაში გადის, კვირების განმავლობაში საკმაოდ დაბალი სიმძლავრით მუშაობდა. თვის დასაწყისში კი გაზსადენი 10-დღიანი ტექნიკური სამუშაოებისთვის მთლიანად დაიხურა.
გასულ თვეში რუსეთმა ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა. ევროკავშირმა რუსეთი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.