
მიენიჭოს გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ 8 პირს ეროვნული გმირის სტატუსი - აქცია ამ მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გამართა.
სამოქალაქო აქტივისტები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას. აქტივისტების თქმით, მნიშვნელოვანია პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული ადამიანების ღვაწლი ისტორიაში სათანადოდ ჩაიწეროს.
ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,"ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა", ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.