დღეიდან მერია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საომარ მოქმედებებს გამოექცნენ და საქართველოში ჩამოვიდნენ, საცხოვრებელს აღარ მისცემს. მერიის პოზიცია ასეთია - უკრაინელებს მთავრობის განკარგულებით სახლის სანაცვლოდ ფულად დახმარებას მისცემენ. საცხოვრებლისთვის თვეში ერთ ოჯახს 300 ლარი გამოუყვეს - თითო ადამიანს კი დამატებით 45 ლარს მისცემენ.
"პირველი აგვისტოდან უნდა დავტოვოთ სასტუმრო სადაც ვიმყოფებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი არის საკურორტო ქალაქი და ახლა ზაფხულის სეზონია, 300 ლარით ბინის მოძებნა და ქირაობა არარეალურია, რადგან ძალიან ძვირია ყველაფერი. ასევე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ვიპოვოთ საცხოვრებელი, დღეიდან ქუჩაში აღმოვჩნდებით, ვითხოვთ, ერთი თვე მაინც მოგვცენ იმისთვის, რომ რაიმე ვიპოვოთ", - ამბობს ტატიანა პადვინცოვა.
ოქსანა ჟემიანიკა ამბობს, რომ დღეიდან 3 მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში რჩება. მისი თქმით, დახმარების პროგრამის ამოქმედებას და თანხის ჩარიცხვას, როგორც უთხრეს, 20 დღე დასჭირდება, ქალი ყვება, რომ მანამდე არ იცის რა გააკეთოს.