
თურქეთის განცხადებით, პირველი მარცვლეულით დატვირთული გემი ოდესის პორტს, დღეს, 1-ლ აგვისტოს დატოვებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
ცნობისთვის, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს შორის უკრაინული საკვების საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ.
შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს ის, ანკარამ კი მხარეებს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
28 ივლისს, შეთანხმებების განხორციელების მხარდასაჭერად, ოთხშაბათს სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. თურქული მხარე აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულით პირველი გემები თურქეთში 3 აგვისტოს უნდა ჩავიდეს.