სახალხო დამცველი დღეს კულტურის მინისტრ, თეა წულუკიანის მიერ გათვისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა. რეორგანიზაციის სახელით გათავისუფლებულ ადამიანებთან საუბარი სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი გაშვების მიზეზებს შეეხო.
"ძალიან რთული მოსასმენია იმიტომ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს და ძალიან, ვფიქრობ, უსამართლო დამოკიდებულებას მეცნიერების, მკვლევრების მიმართ, არამედ უფრო სისტემურ და ფართო პრობლემას ვხედავ. ყველაფერი, რაც ხდება კულტურის სფეროში, არღვევს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, იქ დასაქმებულ პირთა, მეცნიერების, მკვლევრების საჯარო მოხელეების უფლებებს, არამედ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს ქართული კულტურის, მეცნიერების, კვლევის პროცესის მიმართ, რაც არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოსთვის", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
არქეოლოგი, ნინო ჯაყელი ამბობს, რომ სახალხო დამცველს გააცნეს მთავარი, რაც მათ აწუხებთ, რომ დღეს კულტურის მინისტრი ებრძვის არა ადამიანებს, არამედ ზოგადად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა მუზეუმებიდან რეორგანიზაციის მიზეზით ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები რეპრესიებზე საუბრობენ და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.