
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს. ქართული ოცნება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას არ გამორიცხვას.
ხელისუფლებას ცესკოს დაკომპლექტების არსებული მოდელი, რომელიც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია, არ მოსწონს. ოცნებას არც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატები მოსწონს, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა. მმართველი პარტია თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარს არ უჭერს.
ისინი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც სიიდან ოცნების რჩეული, გიორგი კალანდარიშვილი მოხსნა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შესაბამისად უპასუხებენ.
"ოცნებამ" საკუთარი გეგმა ირაკლი ქადაგიშვილის მეშვეობით გაახმოვანა:
"ჩვენ დავინახეთ, რომ რამხელა მანკიერი არის ის თავზემოხვეული ზოგიერთი კანონი, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნა მიღებული 2/3-ით ადამიანის გამწესება თანამდებობაზე არის აბსოლუტურად არაეფექტური და ამის მომსწრენი ვართ ყველანი დღეს. რატომ გვეუბნებიან, რომ მიიღეთ კანონი, რომელიც ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის. [კანონი ცვლილებაზე] ალბათ, იქნება მსჯელობა. მე მიმაჩნია, რომ ეს 2/3 თავიდან ბოლომდე დემოკრატიული არჩევანის პრინციპს ეწინააღმდეგება",- ამბობს ქადაგიშვილი.
"ევროპა დემოკრატიული ცივილიზებული ქვეყნების ერთიანობაა, საქართველო მაფიოზური, ოლიგარქიული რეჟიმის მქონე სახელმწიფო, სადაც ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს: არჩევნების გაყალბება და ივანიშვილის ფულის დარაჯობა." - ამბობს თემის კომენტირებისას ენმ-ს დეპუტატი როან გოცირიძე
პარტია ლელოს წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში "გამოდგმული აქვს სავაჭრო დახლი" და ვაჭრობს იმ კანონპროექტებით, რომლის შესრულებაზეც ვალდებულება დიდი ხნის წინ აიღეს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 5 აგვისტოს წარუდგინა. სიაში ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. თუ რატომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტებაც გააკეთა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კალანდარიშვილმა ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "ოცნების" მსგავსად, პოლიტიკური უწოდა ცესკომაც.
ავტორი: ნატა ჯახუტაშვილი