უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი

გამოქვეყნდა:

მამიხან უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთანაც და გაბუნიასთანაც მოვლენ - ამის შესახებ ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბლოგერის თქმით, ყველა ამ შეკვეთილი მკვლელობის უკან რამზან კადროვი დგას და მკვლელები დაწყებული დავალების ბოლომდე მიყვანას აუცილებლად შეეცდებიან. 

მოკლული მამიხან უმაროვი რამზან კადიროვსა და მის გარემოცვას აქტიურად აკრიტიკებდა, ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდოც კი იყო დაკავებული. ბლოგერის მკვლელობის უკან, რა თქმა უნდა, კადიროვი დგას და ამის შესახებ ავსტრიის პოლიციაც ინფორმირებულია. მამიხან უმაროვი პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ე.წ. რუსულ ელიტას აკრიტიკებს. დარწმუნებული ვარ, ეს დამნაშავეები ამ წუთასაც კი მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ მეც და გაბუნიაც გაგვანეიტრალონ, - აცხადებს ჩეჩენი ბლოგერი.

მისი თქმით, ლიკვიდაციის პირველი გეგმის ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ ისინი დანებდებიან და პირიქით, უფრო გააქტიურდებიან. ამის მაგალითად აბდურახმანოვს ხანგოშვილისა და რუსლან მახაურის მკვლელობა მოჰყავს, როდესაც პირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მეორე ან მესამე ცდაზე მკვლელებმა დავალება მაინც შეასრულეს. 

გიორგი გაბუნიამ საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს. საქართველო ანალოგიური შემთხვევების დროს უძლურია, რაც ამ ქვეყენას რუსეთისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. საქართველოში გიორგი გაბუნია უსაფრთხოდ ვერ იქნება, ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება საქარველოში მოხდეს, - ამბობს ტუმსო აბდურახმანოვი.   

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ვენაში რამზან კადიროვისა და პუტინის კრიტიკოსი, ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით ავსტრიის პოლიციამ ჩეჩენი ეროვნების რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი