
უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თითქმის 70% შეასრულა, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც უკრინას აკლია, მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით პოლიტიკური სიცხადეა.
"უნდა გავიგოთ, რამდენად გრძელი და რთული იქნება ჩვენი გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არა მხოლოდ მოლაპარაკების თვალსაზრისით. ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი კომპონენტების დასრულება. ამის ენერგია და სურვილი გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაკლია, არის პოლიტიკური სიცხადე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით" - თქვა სტეფაშინამ.
მან ასევე გაიხსენა ქვეყნის ვოლოდიმერ ზელენსკის სიტყვები, რომ ევროინტეგრაციის პროცესი რჩება მთავარი მოტივატორი საზოგადოებისთვის, რომელიც უკრაინელების 90%-ზე მეტს აერთიანებს.
"აშკარაა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ერთგულება დემოკრატიის პრინციპებისადმი. ჩვენ, თითქმის, 70%-ით შევასრულეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, ეს კი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ნულიდან შეფასება, არამედ თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. გვინდა, რომ ასეთი პოლიტიკური სიცხადე წლის ბოლომდე მივიღოთ" - თქვა ვიცეპრემიერმა.
გარდა ამისა, სტეფანიშინას თქმით, უკრაინის მხრიდან მსგავსი სურვილი "არა პოლიტიკური ზეწოლა, არამედ ხალხისთვის შემდგომი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელობის მინიჭებაა“.