
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი "სრულიად აბსურდული" მიზეზის გამო დაიწყო.
"რუსეთისთვის NATO საფრთხე არასოდეს ყოფილა" - თქვა შოლცმა ბერლინში ფედერალური მთავრობის ღია კარის დღეზე საჯარო გამოსვლისას.
გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ თებერვალში ომის დაწყებამდე, მან პუტინი დაარწმუნა, რომ მომდევნო 30 წელში უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდებოდა.
თუმცა, შოლცის თქმით, პუტინს "სრულიად აბსურდული იდეა" ჰქონდა. როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა, რუსეთის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ ბელარუსი და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ უნდა იყვნენ.
"ეს ომია, რომელიც პუტინმა, რუსეთმა დაიწყო, აშკარად მისი მეზობელი ქვეყნის დაპყრობის განზრახვით. ვფიქრობ, ეს იყო თავდაპირველი მიზანი", - თქვა შოლცმა.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამით პუტინთან დიალოგს არ დაასრულებს.