
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ფედერალურ სასამართლოს თხოვნით მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან იმ მასალების გაცნობა, რომელიც ორი კვირის წინ მისი სახლის ჩხრეკის შემდეგ ამოიღეს. ტრამპს სურს, რომ დაინიშნოს სპეციალური ექსპერტი, რომელიც განხილვას გააკონტროლებს.
ტრამპის შუამდგომლობა, ასევე ითხვს, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მიაწოდოს მას უფრო დეტალური ჩამონათვალი, რომელშიც აღწერილი იქნება ნივთები, რომლებიც FBI-მ ამოიღო მარ-ა-ლაგოს სახლიდან 8 აგვისტოს ჩხრეკის დროს. ყოფილი პრეზიდენტის თხოვნაა გამომძიებლებმა დააბრუნონ ნებისმიერი ნივთი, რომელიც ჩხრეკის ორდერის ფარგლებს გარეთაა.
"არ შეიძლება პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. სამართალდამცავი ორგანო არის ფარი, რომელიც იცავს ამერიკელებს. არ შეიძლება ის გამოყენებულ იქნას, როგორც პოლიტიკური მიზნებისთვის იარაღი", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ბიურომ ფლორიდაში ტრამპის რეზიდენცია 8 აგვისტოს გაჩხრიკა. ტრამპი სამართალდამცავ ორგანოებს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში დაიწყო. დონალდ ტრამპს ეროვნული არქივიდან გარკვეული დოკუმენტების გატანას ედავებიან. ჩხრეკის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლში საიდუმლო დოკუმენტებით სავსე 10-ზე მეტი ყუთი აღმოაჩინეს. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ზოგიერთ მათგანს გრიფი "საიდუმლო" ჰქონდა მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტი შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განადგურდეს.