
შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უახლოეს დღეებში გეგმავს, რომ უკრაინაში იერიში მიიტანოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე. ამის შესახებ აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში რუსეთი გააქტიურებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე იერიშის მისატანად. უკრაინაში რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უქმნის", - თქვა მან.
როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, განცხადება დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება.
გარდა ამისა, აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უკრაინა დატოვონ.
ოთხშაბათს, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, ბოლო დღეებში უკრაინის პრეზიდენტი და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ რუსეთმა ამ დღეს შესაძლოა, ინტენსიური თავდასხმები განახორციელოს.