
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთში ომს სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს, რის გამოც კრემლს ახლა საზოგადოების მობილიზაცია და ომის გამართლება სჭირდება და ამ მიზნით, მოსალოდნელია, რომ FSB ტერორისტულ თავდასხმებს მოუწყობს საკუთარ მოქალაქეებს:
"რუსეთში ომის მხარდაჭერა ეცემა. კრემლს საზოგადოებრივი მობილიზაცია სჭირდება. სავარაუდოდ, FSB მოაწყობს ტერორისტული თავდასხმების სერიას რუსეთის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მსხვერპლით. დუგინა პირველია ამ სერიაში. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა არ ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას." წერს დანილოვი.
ცნობისთვის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. 22 აგვისტოს რუსულმა FSB-მ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის მტკიცებით, დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა, რომელიც "აზოვის" ბატალიონის წევრია. ბრალდებები "აზოვმა" კატეგორიულად უარყო.
ალექსანდრ დუგინი უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია, ისევე როგორც გარდაცვლილი დარია დუგინა. დუგინი, ასევე, მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობას".
იხილეთ ასევე: