
კიევში ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ბრძოლის ბოლო დღემდე დაუჭერს მხარს, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა.
"მინდა გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა უკრაინელი ხალხის მიმართ მათი არაჩვეულებრივი გმირობისთვის სამშობლოს მიმართ. მინდა, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ პოლონეთის ძლიერ მხარდაჭერაში, რომ პოლონელები მათ გვერდით არიან და ბრძოლის ბოლო დღემდე დაუჭერენ მხარს", - ამბობს დუდა.
მისი განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან განიხილა სამხედრო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა, ასევე, მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში.
დუდამ განაცხადა, რომ დღეს უკრაინა იცავს თავის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს მთლიანობას რუსული აგრესიისგან, რომელიც დაიწყო არა 24 თებერვალს, არამედ 2014 წელს.