
"კრემლის მხრიდან ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ყირიმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.
თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად, ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი.
რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია. პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს.
ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას. ჩვენ ასევე მივესალმებით გაეროს გენერალური მდივნის როლს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, რომ რუსეთმა ეს შეთანხმება სრულად შეასრულოს, - ამბობს მიშელი.
ცნობილია, რომ სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.