წელს ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში გაიმართება

გამოქვეყნდა:

გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" ინფორმაციით, წელს ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 5-8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში გაიმართება.

გამომცემლობის ცნობით, წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე. ბათუმი უმასპინძლებს უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს.

ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს. იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.

"ამ ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ამავდროულად, სიმბოლურიცაა, რომ სწორედ ქალაქ ბათუმში, სანაპიროზე, ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლებია", - წერს გამომცემლობა.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში.

ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ფესტივალის პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით; უკრაინელი მწერლების ნაწილი მხოლოდ ონლაინ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილებას. ფესტივალის ყველა ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება, ხელმისაწვდომი იქნება YouTube და Facebook გვერდებზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი