
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. სპეციალური მიმართვა დღეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაავრცელა. მისი თქმით, გერმანია უკრაინის გვერდით იდგება მანამ, სანამ მას მხარდაჭერა დასჭირდება.
"ჩვენ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას თვიდან-თვემდე, როგორც თვითმავალი ჰაუბიცების, ისე საზენიტო სისტემების. უკრაინელ ჯარისკაცებს მივაწვდით თანამედროვე სამხედრო ტექნიკას. მინდა იცოდეთ, რომ მეგობრები გყავთ გერმანიაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის მხარეს დღესაც, როცა საფრთხე ემუქრება და ვიქნებით მანამ, სანამ უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება", - თქვა ოლაფ შოლცმა.
უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.
"თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ამ დღეს, მე მოგმართავთ საფრანგეთის სახელით და გადმოგცემთ მეგობრობის გზავნილს, იმედის გზავნილს საფრანგეთის ყველა მოქალაქისგან. 31 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყანა შეიცვალა და გაძლიერდა, ეს ძალა თქვენი ერთიანობისგან მოდის, სწორედ ამიტომ დღევანდელ დღე, 24 აგვისტო უნდა იყოს სიხარულის, სინათლისა და სიამაყის დღე.
ეს არის კიდეც სიამაყის დღე, მაგრამ ყველა სხვა დღესასწაულისგან განსხვავებით, ჩვენ დღეს ასევე ვფიქრობთ სიკვდილზე და დაღუპულ მებრძოლებზე. უკვე 6 თვეა რუსეთი ყოველდღიურად ირჩევს ომის გზას, რითაც თქვენს ქვეყანაში თესავს სიკვდილსა და ნგრევას, თუმცა ამ ომის დაწყებამდე რუსეთმა ვერ გათვალა, ვერც თქვენი ერთიანობის და ვერც თქვენი სიმამაცის ძალა. ჩვენ ვახდენთ სამხედრო დახმარების მობილიზებას და ასევე დაგეხმარებით ქვეყნის აღდგენაში. უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ნიშნავს მსოფლიოში სტაბილურობის დავას", - თქვა ემანუელ მაკრონმა.