
კიევში, სიმამაცის ხეივანში ბორის ჯონსონის სახელი ამოტვიფრეს. ამის ამსახველ ფოტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
"ბორის ჯონსონ, მთელ ქვეყანას სურს მადლობა გადაგიხადოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ისტორიულად თქვენი მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. ამიტომ გაჩნდა შენი სახელი დღეს სიმამაცის ხეივანში.
ჩემო მეგობარო, მადლობა დღევანდელი ვიზიტისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მიხარია შენი ნახვა უკრაინის მიწაზე!" - წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჟეი დუდამ კიევში, კონსტიტუციის მოედანზე, სიმამაცის ხეივანი 23 აგვისტოს
გახსნეს.
ხეივანი უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაკეთდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ხეივანში იქნება გამოსახული იმ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტნიორი ქვეყნების სხვა წარმომადგენლების სახელები, რომლებიც უკრაინას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
სწორედ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, რომლის სახელიც ხეივანში იქნება. - "მისი სახელი ყოველთვის იქნება ამ ხეივანში. ეს არის სიმამაცის, მეგობრობის, უკრაინის მხარდაჭერის სიმბოლო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.