"არა პოლიტიკურ რეპრესიებს! არა სოციალურ ქსელში პოსტების გამო დაკითხვებზე დაბარებას!" - ამ მოწოდებით იუსტიციის სამინისტროსთან ბაჩანა შენგელიას მხარდამჭერი აქცია იმართება, რომლის მონაწილეები პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებენ.
აქციას შეუერთდა თავად ბაჩანა შენგელიაც, რომლის თქმითაც, მისი საქმე არის პრეცედენტული.
ეს არ არის უბრალოდ ჩემს ფეისბუქ პოსტებთან დაკავშირებული საქმე, ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დაუშვებელია ცენზურის დაწესება. არავის აქვს უფლება, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ შეგვიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლება. ეს იქნება რთული ბრძოლა, რადგან წინასაარჩევნოდ დაწყებულია დაშინების, ტერორის აქტიური კამპანია, - აცხადებს ბაჩანა შენგელია.
საპროტესტო აქცია პერფორმანსის სახით გაიმართა. მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა მოიტანეს ბანერები, სადაც განთავსებულია მათი საკუთარი ფეისბუქ პოსტები და ამ ფორმით ისინი სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვის გამო ადამიანების დევნას აპროტესტებენ.
ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ცენზურა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ყველაზე მთავარია, ყველა ვხვდებით, რომ "ქართულ ოცნებას" თავისი პოლიტიკური კარიერა ცოტა ადრე რომ დაეწყო, იქნებოდა საბჭოთა პარტია, რადგან მათი ტაქტიკით ცდილობენ პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიამ გუშინ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის გამოც ადამიანებს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო სუსში იბარებენ.