
ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვენ.
უკრაინული მედიის ცნობით, განცხადებას ხელი მოაწერეს ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და დანიის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებმა.
ქვეყნები მოუწოდებენ ევროატლანტიკურ საზოგადოებასა და პარტნიორებს, სასწრაფო გააძლიერონ და განახორციელონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ; გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული, დიპლომატიური მხარდაჭერა; მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, რომლებიც ომის დანაშაულზე პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემას ეხება; მოახდინონ რუსეთის იზოლირება საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში. ქვეყნები აცხადებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა გამოიყენონ ბელარუსის წინააღმდეგაც.
ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და სხვა დასავლელ მოკავშირეებს დაუყოვნებლივ შეაჩერონ ტურისტული ვიზები და შეზღუდონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ რუსებისთვის სავიზო შეზღუდვები უკრაინაში ომის ფონზე.