
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები რუსეთთან ახლა წამგებიანია როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის.
პოდოლიაკმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი დროებითი ზავი, მომავალში რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიის გაგრძელებას ნიშნავს.
"მოლაპარაკებების პროცესი დღეს დააფიქსირებს დროებით ზავს ომში, რომელიც არ დასრულდება. შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია ამას გამარჯვებად ჩათვლის და გააგრძელებს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის ხელშეწყობის პრეტენზიას. მაშასადამე, ზავი ახლა მხოლოდ ომის შემდეგ ეტაპს ნიშნავს გარკვეული დროის შემდეგ“, - თქვა პოდოლიაკმა.
გარდა ამისა, პოდოლიაკის თქმით, თუ უკრაინაში ომი სრულად არ დამთავრდება, უკრაინელი ხალხი ქვეყანაში არ დაბრუნდება და შესაბამისად ინვესტიციებიც არ მოვა.
"ეს იქნება ნაცრისფერი ზონა, რომელიც იზრდება და რომელიც მუდმივად ზეწოლას მოახდენს ევროპაზე. ევროპა იძულებული იქნება მუდმივად გაიღოს დიდი თანხები აქ, რათა როგორმე შეინარჩუნოს ეს ტერიტორია სიცოცხლისუნარიან მდგომარეობაში. ეს წამგებიანია ევროპისთვის. საშუალო და გრძელვადიანი“, - თქვა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, ომის გამო უკრაინაში ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად იკლებს, რაც გარკვეულ გაუარესებას გამოიწვევს ევროპაშიც.
"მაგრამ ეს არის ისეთი ინტენსიური ომის ფასი, რომელიც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და ეს ომი სათანადოდ უნდა დასრულდეს, თუ არ გინდა მუდმივად გადაიხადო", - ამბობს პოდოლიაკი.
პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ აგრესორთან მოლაპარაკებების დაბრუნებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრემლის უკანასკნელი იმედები უკრაინის დამარცხებაზე ჩავარდება.