სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი წელს აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სერბი სპორტსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამის მიზეზი კი ვაქცინაციაა, "დიდი სლემის" ტურნირების 21-გზის ჩემპიონი ისევ არ არის ვაქცინირებული.
"სამწუხაროდ, მე ვერ შევძლებ ნიუ-იორკში ჩასვლას აშშ-ის ღია პირველობაზე სათამაშოდ. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. წარმატება სხვა მოთამაშეებს. ვეცდები კარგი ფორმისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას და დაველოდები მომდევნო შესაძლებლობას“, - წერს ჯოკოვიჩი.
ცნობისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქვეყანაში შესვლის განახლებული წესები, რომლის თანახმადაც, აშშ-ში ჩასული ნებისმიერი ადამიანი ვაქცინირებული უნდა იყოს COVID-19-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობა 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაიმართება.