ტელევიზიების დაჯარიმების გაპროტესტება ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი აშშ-ის საელჩოს მოფიქრებულია - "წასულები"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებაში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს 3 კრიტიკული ტელევიზიის - "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" დასანქცირების გაპროტესტების გამოც აკრიტიკებენ. 

მათი მტკიცებით, ტელევიზები "სირცხვილიას" კლიპის გაშვების გამო ლეგიტიმურად დაჯარიმდნენ, ხოლო ელჩის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი საელჩოს მიერაა მოფიქრებული და დაორგანიზებული.

"ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბება იყო", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მარეგულირებელმა „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, ხოლო „მთავარი არხი“ წლიური შემოსავლის 1%-ით, ანუ 118 ათას 688 ლარით დააჯარიმა. კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლი, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა და არასაარჩევნო პერიოდში მისი ეთერში გაშვებისთვის, მედია დაასანქცირა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი