
დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტები მშობლებს აიძულებენ შვილები ოკუპირებულ სკოლებში გაგზავნონ, უარის შემთხვევაში კი "ჯარიმით“ ან "მშობლის უფლების ჩამორთმევით“ ემუქრებიან, - ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.
"მშობლების სურვილის გამო, რომ არ გაგზავნონ შვილები ოკუპირებულ სკოლებში, უკრაინა ონლაინ განათლების დანერგვას ცდილობს, თუმცა მარიუპოლის საოკუპაციო ხელისუფლება მშობლებს უფლებების ჩამორთმევისა და ბავშვების ოჯახებიდან გაყვანის მუქარით მიმართავს" - ამბობს ანდიუშენკო.
მისი თქმით, სკოლის თანამშრომლები მასიურად გზავნიან მუქარის შემცველ წერილებს, რომ თუ უარს იტყვიან შვილების საოკუპაციო სკოლებში გაგზავნაზე, ისინი იძულებით გააძევებენ ოჯახს.
"მორიგი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მარიუპოლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ, გადაარჩინე შენი თავი და შენი შვილები რუსი ოკუპანტების დანაშაულებისგან. სანამ დრო და შესაძლებლობაა", - თქვა ანდიუშენკომ.