
ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში "საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არაა".
"საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის, მათ შორის, არც ვენეციის კომისიის მიერ, არც პრეზიდენტის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის ვალდებული იყო, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოედგინა. არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის და თვითონაც [სალომე ზურაბიშვილმა] ახსნა, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს იყო უფრო პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ვიდრე სამართლებრივი, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
დასკვნაში ასევე წერია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა.
კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
22 ივნისს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო.