
ევროკავშირი უკრაინას 5.5 მილიონ კალიუმის იოდიდის ტაბლეტს გადასცემს, რათა ადამიანებმა თავი დაიცვან შესაძლო რადიაციისგან. ევროკომისიამ ამ ნაბიჯს "პრევენციული უსაფრთხოების ზომა" უწოდა.
კომისიის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, აბები თავდასაცავად უკრაინის მთავრობამ მოითხოვა.
"არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", - აღნიშნა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეს ლენარჩიჩმა.
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტი, რომლებიც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს უნდა ეწვიონ, კიევში დღეს ჩავიდნენ.
მისიის ძირითადი მიზნებია: დაზიანების შეფასება;უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა; საკადრო პირობების შეფასება; უსაფრთხოების გადაუდებელი ზომების განხორციელება.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება. რუსეთის არმიამ სადგური სამხედრო ბაზად აქცია.