
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურში არსებულ ვითარებაზე საბოლოო დასკვნას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მომდევნო კვირას გაასაჯაროებს.
მისიის 6 თანამშრომელი ევროპის უმსხვილეს ბირთვულ სადგურზე ამ დრომდე რჩება, თუმცა მომდევნო კვირიდან მუდმივმოქმედი მისია ამოქმედდება და ზაპოროჟიეში გაეროს 2 დამკვირვებელი სადგურის სრულ დემილიტარიზაციამდე დარჩება. მანამდე კი უკვე ვრცელდება ცნობები, რომ სადგურიდან გაიყვანეს რუსული მძიმე ტექნიკის ნაწილი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, რომ განცხადებები რუსეთის მისამართით უფრო მკაცრი უნდა იყოს.
"სამწუხაროდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობის ქცევა ჩვენთვის, რბილად რომ ვთქვათ, შეშფოთებას იწვევს. ის რაც იყო დაპირებული, პრინციპებში არ შესრულდა. სააგენტოს პრეზიდენტს დაჟინებით უნდა მოეთხოვა, თუნდაც საერთაშორისო ჟურნალისტების ატომურ სადგურზე დაშვება, რათა მსოფლიოს ენახა იქ არსებული ვითარება. სპეციალური მისიიდან ახლა იქ რამდენიმე ადამიანი დარჩა, თუმცა მათი მიზანი ჩვენთვის გაუგებარია. არ ვიცი საბოლოოდ რა დასკვნა დაიდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ 6 სექტემბერს, როცა რუსეთმა გაეროში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა, სიტყვით გამოვა პრეზიდენტის გროსი და იტყვის, რომ შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, თუმცა ატომური სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ჩვენ ამ მისიისადმი გვქონდა", - თქვა მან.
უკრაინის მთავრობის მიწვევით, IAEA-მ შექმნა დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად სპეციალური მისია შექმნა. მის შემადგენლობაში 14 საერთაშორისო ექსპერტია, რომლებიც ზაპოროჟიეში 31 აგვისტოს ჩავიდნენ, მისიის 6 თანამშრომელი ევროპის უმსხვილეს ბირთვულ სადგურზე ამ დრომდე რჩება.
მოსალოდნელი საფრთხის შეფასებას, ექსპერტები დასკვნის სახით გამოაქვეყნებენ.
მისიის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მისიამ მოახერხა "ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის" შეგროვება ელექტროსადგურში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობისას.