
უკრაინამ დღეს რუსების თავდასხმები 7 დასახლების გარშემო მოიგერია - ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ დონეცკისა და იუჟნობუგსკის მიმართულებით 5-ზე მეტი რაკეტა ისროლა, რის შედეგადაც ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა და თავდაცვის აღჭურვილობა განადგურდა, ასევე, დაიღუპა არაერთი რუსი სამხედრო.
„თავდაცვითი ძალების დანაყოფები პოზიციებს ინარჩუნებენ და მტერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეჭრის შესაძლებლობას არ აძლევენ. თავდაცვითმა ძალებმა მოახერხეს მტრის თავდასხმების წარმატებით მოგერიება დოლინას, სოლედარის, ნოვოკახმუტოვკას, კოდემას, ზაიცევოს, ავდეევკასა და მარინკას დასახლებების ტერიტორიებზე“ - აცხადებს გენშტაბი.
გენშტაბის ცნობითვე, უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევებს, რითიც ხელს უშლის მტრის სარდლობას, საკონტროლო სისტემებსა და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ომში დაახლოებით 49 050 სამხედრო დაკარგა.