ხვიჩა კვარაცხელიასთან ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან დამარცხდნენ - კობახიძემ სპორტსმენები ოპოზიციისგან "დაიცვა"

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ლიდერის პოპულისტური გამოსვლა პარლამენტში -  დღეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სესია გაიხსნა. "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ საკუთარი გამოსვლა სპორტზე საუბრისთვის დაეთმო, კერძოდ, ემტკიცებინა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სპორტსმენები არ უყვარს და თავს ესხმის. 

კობახიძის აზრით, "რადიკალურ ოპოზიციას" ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს. 

"სპორტის თემაზე საუბრისას, უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროსი. მათ მოახერხეს და დაუპირისპირდნენ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნაციონალებმა ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაჰპირისპირებოდნენ. გვახსოვს თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, ეს არის კაცი რომელმაც 2 ოლიმპიადა მოიგო, გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ 1 წლის წინ, კულმინაცია იყო კვარაცხელიაზე თავდასხმა ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებას, წარუმატებლობისთვის არის განწირული.",- თქვა კობახიძემ. 

ამის შემდეგ კობახიძემ გააგრძელა რიტორიკა ოპოზიციის, როგორც "უსამშობლო ადამიანებზე" და თქვა, რომ ოპოზიცია პოლარიზებულია: სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებსა და "ყველაფერ წმინდასთან რაც საქართველოს უკავშირდება". 

"დღეს ნაცმოძრაობის ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორიც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდაო, აღიარა, რომ 15 წელი "იღწვოდნენ", რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ, ალბათ, ასეთი რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის განხორციელებას. თუმცა ამ ბრძოლაში ზუსტად ისე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის დამარცხდნენ." ,- თქვა კობახიძემ. 

კობახიძის გამოსვლას პარლამენტში თანაგუნდელების ტაში მოჰყვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი