
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთისმიერ წარმოებულ ომზე Financial Times-ში სტატიას აქვეყნებს. სტოლტენბერგი წერს, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის.
"ზამთარი მოდის და ის იქნება მძიმე. მძიმე უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და მძიმე, მათთვის, ვინც მათ მხარს უჭერს.
ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სერიოზულ გამოცდას გაივლის, რადგან ოჯახები და ბიზნესი განიცდიან რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად გამოწვეულ ფასების ზრდას ენერგორესურსებზე და ცხოვრების ხარჯების ზრდას.
ჩვენ წინაშე რთული ექვსი თვე დგას, შესაძლოა ენერგორესურსების შემცირების, შეფერხებისა და სამოქალაქო არეულობის საფრთხის წინაშეც კი ვიყოთ. მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას - უკრაინისა და ჩვენი გულისთვის", - წერს სტოლტენბერგი.
სტატიაში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერისთვის ფასს იხდის, ის წერს, რომ "ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ითვლება დოლარებში, ევროებსა და ფუნტებში, ხოლო უკრაინელები ამ ფასს თავიანთი სიცოცხლით იხდიან".
"ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად უფრო მაღალ ფასს, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები ირწმუნებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობელ ქვეყნებში და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი.
თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი ერი. ჩვენ მორალური პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის შუაგულში. ფასს, რომელსაც უკრაინის მხარდაჭერისთვის ვიხდით, სარგებელი აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც", - ვკითხულობთ სტატიაში.
სტოლტენბერგი წერს, რომ რუსეთს ახლა დროებით ოკუპირებული აქვს უკრაინის 20%, რაც ოთხჯერ აღემატება ბელგიის ან დიდი ბრიტანეთის ნახევარს. სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერი წარმატებით გათამამებულმა რუსეთმა, შესაძლოა შემდგომი აგრესია განახორციელოს სხვა მეზობლებზე და თავს დაესხას NATO-ს მოკავშირეებსაც კი.
სტოლტენბერგი აღნშნავს, რომ NATO გააგრძელებს უკრაინის დახმარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებისთვის. გარდა ამისა ის წერს, რომ დასავლეთის სანქციებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს რუსეთის ეკონომიკაზე.