
აშშ-ს ელჩი გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ "ფილტრაციის ოპერაციები", რომელიც რუსეთმა, სავარაუდოდ, გამოიყენა უკრაინის მოქალაქეების რუსეთში დაკითხვისა და იძულებით გადასაყვანად, "შემზარავია".
„ფილტრაციის“ ოპერაციების თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან რუსეთის ძალების მიერ მუქარის, შევიწროებისა და წამების შემთხვევებს. მათ წაართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება. ჩხრეკდნენ და კითხავდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში. ეს მართლაც შემზარავია“, - განუცხადა თომას-გრინფილდმა ჟურნალისტებს
ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსები ამ ყველაფერს ანექსიისთვის მომზადების მიზნით აკეთებენ. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერ შეცვლას არასდროს აღიარებს.
„რუსეთი თვლის, რომ შეუძლია ხერსონის, ზაპოროჟიეს და უკრაინის სხვა რეგიონების ანექსია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ ამ სისასტიკეების ჩამდენებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც კვლავ პატივს სცემს გაეროს წესდებას“, - განაცხადა გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩმა.