
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ. დეპუტატების და სამართლის ექსპერტების მონაწილეობით დღეს საქართველოს პარლამენტში სარჩელთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი და ანა ბუჩუკური
მონაწილეობდნენ.
მათი განცხადებით, სარჩელზე ხელმოწერასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან და ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება.
[საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება მინიმუმ 30 დეპუტატს აქვს]
სარჩელი „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების მიერ მომზადდა. დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ცვლილებებს, რომლებიც "ოცნების" დეპუტატებმა გასული წლის დეკემბერში დააინიცირეს და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.
"ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს, შეავიწროვოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე.
მოსარჩელეები და იურისტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით: 1. მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება, 2. თანამდებობის დაკავების უფლება, 3. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით. 4. კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და აძლევს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ცვლილებების მიღებას. ამავე საკანონმდებლო ცვლილებებზე კონსტიტუციური სარჩელები წარდგენილი აქვთ მოქმედ მოსამართლეთა ჯგუფს და სახალხო დამცველს. კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია მოამზადა და პარლამენტს გაუზიარა ვენეციის კომისიამ, კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მრავალი წელია დახმარებას უწევენ ქვეყანას სასამართლო რეფორმის საკითხებში. სასამართლო რეფორმის განხორციელება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ საკვანძო პირობას წარმოადგენს.
პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5 (30 დეპუტატი) უფლებამოსილია წარადგინოს კონსტიტუციური სარჩელი. წინამდებარე სარჩელით საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებთან გასაჩივრებული კანონის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები განასხვავებს ამ სარჩელს უკვე წარდგენილი სარჩელებისგან”,- აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები.
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა