სამხედრო კატასტროფად ქცეული და სულ რამდენიმე დღეში წაგებული ბრძოლა - ხარკოვის ოლქის უდიდეს ტერიტორიას რუსები უკანმოუხედავად ტოვებენ. ვინც გაქცევას ვერ ასწრებს ტყვედ ბარდება და ასეთები ათასობი არიან. უკრაინული კონტრშეტევა, რომლის წარმატებაშიც ბევრ უკრაინელსაც კი ეჭვი ეპარებოდა, გამანადგურებელი აღმოჩნდა კრემლის არმიის დიდი ნაწილისთვის - და იქცა ოკუპანტების ყველაზე დიდ მარცხად უკრაინაში შეჭრის დღიდან.
უკრაინელების შეტევამ, რომელიც უმაღლესი სამხედრო ოსტატობით იყო დაგეგმილი, მოსკოვი არა მხოლოდ მარცხთან დააახლოვა. ამ სამხედრო ოპერაციამ და რუსეთის პასუხმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში პუტინის რეჟიმი. ახლა უკვე უკანასკნელი სკეპტიკოსებიც კი მიხვდნენ, რომ რუსული არმიის დამარცხება შესაძლებელია, კრემლს კი მართავს არაადამიანური რეჟიმი, რომელიც სამხედრო მარცხის მერე შურისძიებას იწყებს და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.