უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები - ერმაკმა და რასმუსენმა რეკომენდაციები წარადგინეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა და ნატოს ყოფილმა  გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს. რეკომენდაციები პრეზიდენტ ზელენსკის დავალებითაა შედგენილი და მასზე ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნების ყოფილი პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები და მეცნიერები.

რეკომენდაციები შეიცავს მოწოდებას კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შექმნის შესახებ - ერთობლივი დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააერთიანებს უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს.

რეკომენდაციების მიხედვით, მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფი, სავარაუდოდ, მიიღებს მკაფიო ვალდებულებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ხოლო უფრო ფართო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს არასამხედრო გარანტიები, რომლებიც აგებულია სანქციების მექანიზმებზე.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება არ არის ნატოში გაწევრიანების შემცვლელი და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება, სანამ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანდება. 

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვება "დაუყოვნებელი პრიორიტეტია".

„უკრაინელები ფრონტის ხაზზე აჩვენებენ, რომ საჭირო რესურსებით შეუძლიათ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. უკრაინელები ავლენენ ბრძოლის ნებას და დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გააგრძელოს მათთვის ამისთვის საჭირო საშუალებების მიწოდება. როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეძლებს უკრაინაში შეჭრას. ამის საუკეთესო გზაა უკრაინას ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ნებისმიერ მომავალ თავდასხმას.

ამ რეკომენდაციების მიღება მძლავრ სიგნალს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შეირყევა, რომ მისი ომი უშედეგოა. ეს ასევე გაუგზავნის სიგნალს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ამის სწორად მიღება ნიშნავს ევროპული უსაფრთხოების ახალი ქვაკუთხედის დაგებას. თუ ეს არ გაკეთდა, ეს ევროპულ ნიადაგზე კრიზისის გამწვავებას ნიშნავს“, - განაცხადა რასმუსენმა.

შემოთავაზებული რეკომენდაციებია:

- უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია არის მისი უნარი, დაიცვას თავი აგრესორისგან გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად. ამისთვის უკრაინას სჭირდება რესურსები ძლიერი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს და სხვა გასამხედროებულ ფორმირებებს.

- ეს მოითხოვს მრავალწლიან სტაბილურ ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში, იარაღის ფართომასშტაბიან გადაცემას და მოკავშირეების დაზვერვის მხარდაჭერას, ინტენსიურ სასწავლო მისიებს და ერთობლივ წვრთნებს ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით.

- უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს დამადასტურებელი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული; ისინი ასახავს უკრაინასთან ერთად გარანტორთა ჯგუფის მიერ აღებულ მთელ რიგ ვალდებულებებს. გარანტიები უნდა იყოს პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ გაერთიანებული ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ფარგლებში, სახელწოდებით „კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულება“.

- ხელშეკრულება გააერთიანებს მოკავშირე ქვეყნების ძირითად ჯგუფს და უკრაინას. გარანტორ სახელმწიფოთა ჯგუფი შეიძლება გახდეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

- გარანტიების პაკეტი შეიცავს როგორც სამხედრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და საინფორმაციო ხასიათის პრევენციულ ზომებს ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზომებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ახალი ხელყოფის შემთხვევაში. 

გარდა ამისა, კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების სტრუქტურა ითვალისწინებს სრულფასოვან სანქციების პაკეტს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, როგორიცაა შეთანხმებები უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეგიონული შეთანხმებები და ა.შ.

- უსაფრთხოების გარანტიები არ ცვლის უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილს. ეს მისწრაფება დაფიქსირებულია უკრაინის კონსტიტუციაში და არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. ასევე, უკრაინა ევროკავშირის წევრობის გზაზეა და გაწევრიანების შემდეგ მას შეეძლება გამოიყენოს ორმხრივი თავდაცვის შესახებ დებულებები. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს მოყვანილი გარანტიები არანაირად არ არღვევს ამ მიზანს, მაგრამ მიზნად ისახავს უკრაინისთვის, შეიარაღებული თავდასხმის ან აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მიცემას, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას ნებისმიერ პირობებში." ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი