
უკრაინა დამატებით 1,4 მილიარდ დოლარს მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე ავრცელებს. ზელენსკი წერს, რომ მას ტელეფონით ესაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტალინა გეორგიევას.
"მადლობა დამატებით გამოყოფილი $1,4 მილიარდის მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა უკრაინის ფინანსური სტაბილურობის გასაძლიერებლად", - წერს პრეზიდენტი.
უკრაინის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვლადისლავ რაშკოვანმა განაცხადა, რომ 13 სექტემბერს გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაფორმალური შეხვედრა გადაუდებელი დაფინანსების ახალი პროგრამის (სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტი, RFI) განბლოკვის შესახებ:
„დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს უკრაინას დამატებით 1,4 მილიარდ დოლარს მოუტანს მომდევნო თვის განმავლობაში“ - აცხადებს ის.
რაშკოვანმა დააზუსტა, რომ განცხადება სექტემბრის ბოლოს უნდა გაკეთდეს. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, თანხის უკრაინისთვის გადარიცხვას კიდევ 10 დღე დასჭირდება.