
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი ცდილობს გაათავისუფლოს პუტინი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან დამარცხებაზე, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ხარკოვში მარცხი აღიარა. ISW წერს, რომ ოფიციალური პირები და სახელმწიფო მედიის პროპაგანდისტები ინტენსიურად განიხილავენ ხარკოვის ოლქში რუსეთის დამარცხების მიზეზებს.
ეს მოსკოვის მხრიდან 2022 წლის თებერვლის შემდეგ მარცხის პირველი აღიარებაა.
"კრემლის წყაროები ახლა მუშაობენ იმისათვის, რომ პუტინი გაათავისუფლონ დამარცხებაზე პასუხისმგებლობისგან, სამაგიეროდ, ოკუპირებული ხარკოვის ოლქის თითქმის ყველა დაკარგვას აბრალებენ პუტინის წრეში არსებულ არაინფორმირებულ სამხედრო მრჩევლებს", - წერს ISW.
ორგანიზაცია ამბობს, რომ კრემლის მიერ ხარკოვში დამარცხების აღიარება ცხადყოფს, რომ პუტინი მზადაა და შეუძლია აღიაროს და მიიღოს რუსეთის დამარცხება ზოგიერთ ვითარებაში და ფოკუსირდეს საკუთარი ბრალეულობის მოხსნაზე.
ISW წერს, რომ რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატმა 13 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გამოთქვა შეშფოთება უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო.
კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება სრული მობილიზაციის გამოცხადება, რადგან რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" ომია. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება ომი წააგოს.