
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილებში ათზე მეტი წამების ოთახი აღმოაჩინეს.
"უკვე იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში. როცა ოკუპანტები გაიქცნენ, მათ დატოვეს წამების მოწყობილობებიც", - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაზე ხარკოვის რეგიონალურმა პროკურორმაც ისაუბრა.
"კოზაჩა ლოპანში, როცა ის ოკუპირებული იყო, რუსულმა არმიამ ხალხი სარდაფებში აწამა. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ფსევდო-სამართალდამცავი ორგანო, რომლის სარდაფში შეიქმნა წამების ოთახი, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ", - თქვა მან.
ხარკოვის რეგიონულმა პროკურორმა ასევე გაასაჯაროვა "წამების ოთახისა" და იმ მოწყობილობების სურათები, რითიც მოქალაქეებს აწამებდნენ.