
კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი საფლავების აღმოჩნეას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს რუსეთის ომის დანაშაულებების მტკიცებულებაა.
ტრუდოს თქმით, გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა რუსეთის პრეზიდენტს, მის მხარდამჭერებსა და რუს სამხედროებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
"ცხადია, დიდი ბრიტანეთმა და კანადამ დიდი წვლილი შეიტანეს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბუჩასა და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა, რათა ვლადიმირ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და ახლაც სჩადიან უკრაინაში", - თქვა მან.
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები ქალაქ იზიუმში 10 სექტემბერს შევიდნენ და 6-თვიანი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს. 16 სექტემბერს ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 440-ზე მეტი ცხედარი იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გამომძიებლებმა ადგილზე იპოვეს წამების მტკიცებულებები.