ვადასტურებ რ2-ის საქმის მოსამართლეზე ზეწოლას, ჩინჩალაძის მოთხოვნა და ივანიშვილის დავალება იყო - გოგაშვილი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ადასტურებს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლის ფაქტს. მისი თქმით, ეს სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ განახორციელა, მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძემ მოსამართლისგან თანხმობა ვერ მიიღო რუსთავი 2-ის საქმეზე "ოცნებისთვის" სასურველი გადაწყვეტილების შესახებ.

ალავიძე რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლეა, მან საჯაროდ ილაპარაკა, როგორ უწევდა მას საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა ზეწოლისა და მუქარის შედეგად.

გოგაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს შესაბამისი დავალება - მოსამართლესთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეეთავაზებინათ მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა.

"ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა რუსთავი 2-ის საქმეზე ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუსში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.

რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუსში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) - მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას.

ამხილე და გადარჩებით", - წერს სოსო გოგაშვილი. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი