
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა არ გამორიცხა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი "რეფერენდუმების" ფონზე.
"რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა მონაწილე, ვინც უკრაინაში ამ „რეფერენდუმებში“ და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში მონაწილეობს, პასუხს აგებს. "ხმის მიცემა“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი სამხედრო საფრთხის ქვეშ ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ნების თავისუფალ გამოხატულებად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს", - თქვა ბორელმა.
ცნობისთვის, რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ხერსონის ნაწილში გეგმავენ. დონეცკის ე.წ. რესპუბლიკაში 26 და 27 სექტემბერი ამის გამო უქმე დღეებად გამოცხადა. რაც შეეხება ხერსონს, იქ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 23-27 სექტემბერს გეგმავენ.