ამ ეტაპზე ФСБ-ს სჭირდება მედვედჩუკი, - თქვა უკრაინის მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა.
მისი აზრით, სწორედ ამიტომ დათანხმდა რუსეთი 200 პატიმრის გაცვლას, მათ შორის აზოვის ჯარისკაცების გადაცემას, პრორუსი ოპოზიციური პარტიის პლატფორმა - სიცოცხლისთვის პოლიტსაბჭოს ყოფილი ხელმძღვანელისა და პუტინის ნათლიის ვიქტორ მედვედჩუკის სანაცვლოდ.
დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მედვედჩუკის მეშვეობით აფინანსებდა რუსული სპეცსამსახურები სადაზვერვო ქსელებს უკრაინაში და მოისყიდეს ზოგიერთი ოფიციალური პირი.
"ამიტომ, მათ ნამდვილად სჭირდებათ იგი. ეს არის როგორც გავლენის, ასევე, ფულის შოვნისა და ფულის გათეთრების საშუალება. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი ასე იბრძოდნენ მისთვის", - თვლის ბუდანოვი.
მედვედჩუკი უკრაინის კონტრდაზვერვამ 2022 წლის 12 აპრილს დააკავა, როდესაც ის უკრაინადან გაქცევას ცდილობდა.