
"გამოძახებაზე უარის თქმა სჯობს უცხო ქვეყანაში ომის დამნაშავედ სიკვდილს" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს.
რუსულ ენაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ სწორედ ახლა წყდება, დასრულდება თუ არა მათი ცხოვრება.
"შემთხვევითი არ იყო, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას თავად რუსეთის მოქალაქეებმა მაშინვე სასაფლაო უწოდეს. რუს მეთაურებს არ აინტერესებთ რუსების სიცოცხლე - მათ უბრალოდ უნდათ, შეავსონ დაღუპული, დაჭრილი, გაქცეული ან დატყვევებული რუსი ჯარისკაცების მიერ დატოვებული ცარიელი ადგილები. ვინ შეავსებს ამ ადგილებს, თქვენს მთავრობას არ აინტერესებს...
თქვენთვის საკვანძო მომენტი დადგა: სწორედ ახლა წყდება, დასრულდება თუ არა თქვენი ცხოვრება. გამოძახებაზე უარის თქმა სჯობს უცხო ქვეყანაში ომის დამნაშავედ სიკვდილს.
აჯობებს, კრიმინალურ მობილიზაციას გაექცეთ, ვიდრე მერე აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის სასამართლოს პასუხი გასცეთ. უკრაინელ ტყვეობაში ჩაბარება ჯობია ჩვენი იარაღის დარტყმით სიკვდილს.
ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და სიმამაცე, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის სურვილი, რომელმაც მთელი ჩვენი ხალხი გააერთიანა, ეჭვს არ ტოვებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს ტერიტორიაზე ყველა დამპყრობელი აუცილებლად დამარცხდება. დიდება უკრაინას!" - აცხადებს ზელენსკი.