ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთს დიალოგი არ სურს, მათ ნებს კი მობილიზაცია და "რეფერენდუმები" აჩვენებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ჯარები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ და კლავენ. 

"რა შეიძლება გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა? ჩვენ ამას ვისურვებდით - ქალაქების დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ძალიან სასტიკ, საზარელ სურათებს - ჩვენ ვხედავთ ნაწამებ, მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებს. შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოავლინოს თავისი ლიდერული პოზიცია და აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე მესმის, რომ ამას ექნება შედეგები, რომელიც შეუძლებელს გახდის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, თუმცა ისინი ტერორისტები არიან. ისინი არ დანებდებიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა. 

კიდევ ერთხელ, მათ [რუსეთს] არ უნდათ დიალოგი. ჩვენ ვხედავთ რეფერენდუმს, მობილიზაციას - ეს კარგად გამოხატავს მათ ნებას. შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს მთელ მსოფლიოს. სანქციები სამართლიანია, 100%-ით სამართლიანია. ჩვენ გავათავისუფლეთ ხარკოვის რეგიონი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ჟურნალისტი უკან ბრუნდება და ისინი გვაჩვენებენ ვიდეოებს. ჩვენ დავიწყეთ ეგსგუმაცია, ამოვიყვანეთ 500 დაღუპული. მთელი ოჯახი აწამეს და მოკლეს. ოჯახები ერთად იყვნენ დამარხული. მოზარდები, კაცები, ქალები და პატარა ბავშვები, რომლებსაც თავში ესროლეს. ზოგიერთი გარდაცვლილის ნაწილები ნაპოვნი არაა. ისინი [რუსეთი] ტერორისტები არიან, ჩვენ ისინი, ტერორისტებად უნდა ვცნოთ", - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნოს. 7 სექტემბერს პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბმა თქვა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს გამოცხადებამ, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.  

აშშ-ს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ამ დროისთვის 4 ქვეყანა ჰყავს გამოცხადებული, მათ შორისაა, სირია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა. ქვეყანას  ყველა მათგანისთვის სანქციები აქვს დაწესებული.

ცნობისთვის, რუსეთისთვის ამ სტატუსის მინიჭებას უკრაინა მოითხოვს.  მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება აშშ-რუსეთის კავშირებს გაწყვეტს. რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადებას აშშ-ის რამდენიმე კანონმდებელიც ემხრობა. ივნისში  სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი