თუ რუსული არმია დატოვებს უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს, მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების განცხადებისა, რომ მზადა არიან მოლაპარაკებებისთვის, ისინი მხოლოდ ულტიმატუმებს აყენებენ, ამიტომ ასეთ პირობებში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება შეუძლებელია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთს არ სურს მოლაპარაკება - ის მხოლოდ ულტიმატუმებს აყენებს. თუ რუსული არმია დატოვებს უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს, მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსია, ისევე როგორც ამ ტერიტორიებზე ჩატარებული ფსევდორეფერენდუმები, არაფერს ცვლის უკრაინისთვის - "ეს რეგიონები იყო და რჩება უკრაინული და უკრაინის არმია იბრძვის მათი გათავისუფლებისთვის" - ამბობს პოდოლიაკი.

„რეფერენდუმებს არ აქვთ იურიდიული ძალა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და უკრაინა მზად არის ყველაფრისთვის, რათა დაიბრუნოს ისინი. ამას ჩვენი ხალხი გვთხოვს. ეს იყო ყალბი ხმები, რომელთანაც მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ხმის მისაცემად წასულებს მითითეს მანქანაზე და უბრძანეს: "ხმა მიეცი!" ამიტომ ჩვენი კონტრშეტევები გრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ბირთვული კონფლიქტის შანსი დაბალია, მაგრამ არსებობს - "და თუ მსოფლიო - ვგულისხმობ მსოფლიოს სამოქალაქო ნაწილს - დაუშვებს საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სრულ კოლაფსს, ჩვენ გვექნება კატასტროფული შედეგები არა მხოლოდ უკრაინისთვის." - თქვა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, შესაძლო ბირთვულ თავდასხმაზე პასუხი უნდა იყოს გლობალური -  ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი