გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც გმობს უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება და უკრაინის დიპლომატიურ ფრონტზე გამარჯვებად აფასებს. ის მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ყველა ქვეყანას და ყურადღებას ამახვილებს აფრიკული ქვეყნების სოლიდარობაზე:
"ახლა მთავარი ყურადღება გამახვილებულია იმ 4 ქვეყანაზე, რომლებმაც გუშინ ხმა მისცეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს, მაგრამ მოდით უფრო უფრო ახლოს დავაკვირდეთ იმ 143 ქვეყანას, რომელმაც ხმა მისცა უკრაინას.
სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ - აფრიკის რამდენიმე ქვეყანამ, რომლებიც ადრე თავს იკავებდნენ, ან არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში, ახლა ხმა მისცეს უკრაინის სასარგებლოდ.
პრეზიდენტი ზელენსკი ესაუბრა მათ ლიდერებს წინა კვირებში და თვეებში, მე შევხვდი მათ მინისტრებს, აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს პირველად, უკრაინის დიპლომატიის ისტორიაში
ეს შედეგი ამტკიცებს: აუცილებელია აფრიკელებთან, აზიელებთან, ლათინოამერიკელებთან საუბარი, სიმართლის თქმა და დარწმუნება. გაეროს გენერალური ასამბლეის ისტორიულმა რეზოლუციამ აჩვენა, რომ უკრაინას მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ ჩვენი ევროატლანტიკური მოკავშირეები, არამედ გლობალური სამხრეთის უფრო მეტი ქვეყანა.
და დღეს ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული მათგანის პრინციპული პოზიციისთვის საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დასაცავად.
ეს იყო წარმატებული შეტევითი ოპერაცია დიპლომატიურ ფრონტზე რუსული დესტრუქციული გავლენისგან მსოფლიოს გასათავისუფლებლად.
ძირითადად, გუშინ მთელმა მსოფლიომ უთხრა პუტინს:
- რუსული "რეფერენდუმები" და ანექსიის მცდელობები უსარგებლოა;
- რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გააუქმოს ყველა ეს უკანონო გადაწყვეტილება;
- რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
და ბოლოს ყველაფერი ასეც იქნება" წერს დმიტრო კულება.
შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის უკანონო ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებულ რეგიონებში და მოითხოვს, გააუქმოს მისი ანექსიის დეკლარაცია.
რეზოლუციის მომხრე 143 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი 5 (რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდ. კორეა); 35-მა კი თავი შეიკავა.