
ორშაბათს ირანმა კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთს უკრაინაში, ომში გამოსაყენებლად დრონებს აწვდის. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ ისინი ომში მყოფი ქვეყნების არცერთ მხარეს იარაღს არ აწვდიან.
"გამოქვეყნებულ ამბებს ირანის მიერ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ აქვს პოლიტიკური ამბიციები და მას დასავლური წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია იარაღი ომში მყოფი ქვეყნების არცერთი მხარისთვის“, - თქვა პრესსპიკერმა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, გაანადგურეს ათობით ირანული წარმოების "შადედ-136" - ცნობილი როგორც "კამიკაძე დრონი", უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით.
დილიდან უკრაინის მხარე ამბობს, რომ "კამიკაძე" დრონებით თავდასხმა მოხდა კიევზეც.