ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქართულ ოცნებას შეეძლო კონკრეტული შესწორების გარეშე PACE-ის რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირა.
საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც ოცნებამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა: "შეაპარეს ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი" - თქვა კობახიძემ.
თუმცა, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადება სიცრუეა და ევროსაბჭოს რეგლამენტის მიხედვით რეზოლუციისთვის მხარდაჭერა კონკრეტული შესწორების გარეშეცაა შესაძლებელი.
"ოცნების გადაწყვეტილება და განცხადება, რომ თითქოს მათ მხარი არ დაუჭირეს ამ რეზოლუციას, იმიტომ რომ მეოთხე შესწორება მათთვის იყო მიღებული, მტკნარი სიცრუეა. ევროსაბჭოს რეგლამენტი ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტული შესწორების გარეშე შესაძლებელია რეზოლუციას მხარი დაუჭირო და ეს რეზოლუცია ძალიან ნიშანდობლივია, რადგან სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ოცნების პირობებში შესაძლებელია კიდევ ერთ დაბრკოლებად იქცეს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის 75 წლის განმავლობაში, პირველად ჩაიწერა დოკუმენტში ფრაზა - ,,ტერორისტული რეჟიმი''. საპარლამენტო ასამბლეამაც პირველად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. ასამბლეაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, მარია მეზენცევას თქმით, მნიშვნელოვანია, ჩადენილი დანაშაულებისთვის, ევროსაბჭოში დაიწყონ მსჯელობა, რუსეთისათვის ტრიბუნალის შექმნის რეალურ მექანიზმებზე.